ბაღათურია არჩევნების მოგების შემთხვევაში უმუშევრობის დაძლევის პირობას დებს

„ქართული დასი“ თავის პროგრამაში ძირითად ფსონს აკეთებს კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ წარმოადგინა საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის მთავარი განმსაზღვრელი იქნება კვების ინდუსტრია, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებითაა დაკავებული.

შეხვედრები, კანდიდატები, გამოკითხვები, ანგარიშები - საქართველოს პოლიტიკური კვირის შედეგები >>

პარტიის ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, ქართული კვების მრეწველობაში ორი მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ბაღათურია განმარტავს, რომ ისინი არალიკვიდური აქტივების გამოსყიდვას და ხალხის საბანკო დავალიანებებისგან გათავისუფლებას გეგმავენ.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, ეკონომიკის მთავარი მდგენელი არის სოფლის მეურნეობა. უფრო ზუსტად, ეს არის კვების ინდუსტრია, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს. ჩვენ ერთ მილიარდ ლარს, საბანკო სისტემის გავლით ვდებთ სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ამით გამოვისყიდით არალიკვიდურ აქტივებს, ანუ, პრობლემურ ვალებს“, - განაცხადა ბაღათურიამ.
როგორ შეიძლება წამლებზე ფასების ზრდის თავიდან აცილება - „ქართული დასის“ ინიციატივა

როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, ბანკები დამატებით მიიღებენ კიდევ ერთ მილიარდს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დარეზერვებული.

„შესაბამისად, ორი მილიარდი იდება უდიდეს და წარმატებულ ინდუსტრიაში, რასაც ქართული კვების მრეწველობა ჰქვია. იმდენად წარმატებული პროგრამაა, უმუშევარი ახალგაზრდა აღარ დაგვრჩება, მუშახელი დაგვაკლდება, დეფიციტი შეიქმნება“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი პარტიის პროგრამა პენსიის გაზრდას ითვალისწინებს.

წინასაარჩევნო რბოლა: 48 პარტია და ორი ბლოკი – სრული ჩამონათვალი >>

„რაც შეეხება სოციალურ პროგრამას, აქედან გამოვყოფდით საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვით, პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საშუალო პენსია იმერყევებს 365 ლარიდან 415 ლარამდე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარტია „ქართული დასი“ 2007 წელს შეიქმნა. გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით მისი ლიდერი ჯონდი ბაღათურია 2008 წლის მოწვევის პარლამენტში მოხვდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ხმების 0,12% მოიპოვა და პარლამენტს მიღმა დარჩა.