თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდა, არ იმუშავებენ 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
2 ნოემბერს ყველა ამ საბავშვო ბაღში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რათა მეორე დღეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს.
ამჟამად თბილისში 183 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, 104-ში კი საარჩევნო უბნებია განთავსებული.
ის სკოლები, რომლებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომდევნო კვირიდან დროებით აგრეთვე დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.