თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დღეიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ახალი ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა გახდება, 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.
როგორი იქნება ცენტრალური პარკი
ახალი ცენტრალური პარკის პრეზენტაცია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 6 ოქტომბერს გაიმართა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული სივრცე დაიყოფა 26 გასართობ და დასვენების ზონად.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.
პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.
ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები დასახულია. ფონდი „ქართუ“ პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გამოყოფს.