კორონავირუსმა პარლამენტში შეაღწია: ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანსაც.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დეპუტატის თქმით, იგი სახლში მკურნალობს ოჯახის ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა მარგველაშვილის შვილსაც. ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია, ამ დროისათვის კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა მიმდინარეობს. 

დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. ჩემს მეუღლეს არ უდასტურდება. მაქვს ტემპერატურის, წნევის ცვალებადობა, გულის ფრიალი და პირღებინების შეგრძნება. ინფიცირების წყაროს ვერ გიდასტურებთ. საკონტაქტო პირების თაობაზე ეპიდემიოლოგებს ინფორმაცია მივაწოდე და ამოწმებენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანსაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1186-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 18663-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.