კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი – 469 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში თბილისში დაფიქსირდა. სულ ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 18663-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, აჭარაში – 360. ბოლო 24 საათში 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა იმერეთში, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში არის 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა-მთიანეთში – 14, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – შვიდი.

ერთი თვის ჩვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კოვიდ–კლინიკებში 640 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 20 არასრულწლოვანი და 30 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 79 პაციენტი.

იმერეთში შემთხვევების უმეტესობა – 60 ფაქტი ქუთაისში დადასტურდა, დანარჩენი კი რაიონებში. დღეიდან იმერეთში კიდევ ერთი, 35 ნომერზე გათვლილი კოვიდ-სასტუმრო ამოქმედდება. ასევე კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვება რამდენიმე კლინიკა.

ამ დროისათვის იმერეთის რეგიონში არსებულ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 501 კოვიდ-ინფიცირებული, 200 უსიმპტომო პაციენტი კი სასტუმროებშია გადანაწილებული.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა>>

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.