ელისაშვილი არჩევნების ორ დღეზე გადანაწილების ინიციატივით გამოდის

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნების 30 და 31 ოქტომბერს ჩატარების ინიციატივით უკვე მიმართა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების ორი დღის განმავლობაში ჩატარების ინიციატივით მიმართავს.

გახარია: არჩევნები საქართველოში არ გადაიდება>>

ელისაშვილის თქმით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი ვირუსით დაინფიცირების რისკის შემცირებისთვის ამომრჩევლების ნაკადის გადანაწილებაა. პარტიამ აღნიშნული ინიციატივით უკვე მიმართა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

„ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ორი დღის განმავლობაში – 30 და 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ ამომრჩევლები სიებით და ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში და ეს გადაწყეტილება მივიღოთ“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ეპიდვითარებას და არ აკონტროლებს რეგულაციების დაცვას, რათა ვირუსის მასობრივი გავრცელება ავიცილოთ თავიდან.

„ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – ამირან გამყრელიძე

„არჩევნები კარს მოგვადგა. ერთი მხრივ, მოსახლეობაში არის დიდი ენთუზიაზმი, პოლიტიკური ცვლილების განწყობა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ხელისუფლების სტრატეგიაა, ხალხს შეეშინდეს არჩევნებზე მისვლა, რათა საარჩევნო რიგებში დგომისას კორონავირუსი არ გადაედოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 18663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.