COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მასშტაბით კიდევ 5 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით. თუმცა ინფიცირების შემთხვებმა მაინც მოიმატა
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის და ფოთის რამდენიმე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, იუწყება ქართული მედია.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება

ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, დისტანციურ რეჟიმზე გადადის ფოთის #1, #4 და #5 სკოლები. ხოლო #12 საჯარო სკოლაში ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. #12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

თელავში კორონავირუსი დაუდასტურდა მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს და ამავე სკოლის მოსწავლის მშობლებს, ასევე თელავის მე-9 საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის 147-ე, 117-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ინფიცირებულები არიან მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. ორი დღის წინ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და თბილისის №173 სკოლაშიც. ამ სკოლებშიც კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი 12 დღით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

COVID-19 თბილისში: რა ვითარებაა საბავშვო ბაგა-ბაღებში

საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც სკოლებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდა. განათლების სამინისტრომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – ბავშვები სკოლაში ივლიდნენ ან ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას. მეშვიდე და უფროსი კლასების მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში I-VI კლასების 130 ათასი მოსწავლიდან დაახლოებით 10 ათასმა მოსწავლემ სწავლის დისტანციური რეჟიმი აირჩია.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყო პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით და სადეზინფექციო ხსნარებით.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.