ცერცვაძე: ქვეყანა მაშინ ჩაიკეტება, როცა ვეღარ შევძლებთ შემთხვევების ადეკვატურ მართვას

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანმოში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ პრობლემაზე ალაპარაკდნენ

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს.

ცერცვაძის განცხადებით, ე.წ. ლოკდაუნის საჭიროება მაშინ დადგება, როდესაც ექიმების, ტესტირებისა თუ ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ იქნება საკმარისი. მისი მტკიცებით, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.

„ვერ გეტყვით, რომ ახლა საწოლები თავზე გადაგვდის და ცარიელია, მაგრამ პრაქტიკულად, არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე რჩებოდეს ის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, რომ რამდენიმე საათით დაიგვიანა ჰოსპიტალიზაციამ ან, შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღით. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კონტროლქვეშ არის ყველაფერი და ქვეყანა თავს ართმევს ამ მართვას“, – განაცხადა  ცერცვაძემ.

კორონავირუსის საფრთხის გამო საპატრიარქომ მღვდელმსახურებს შეტყობინებები დაუგზავნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით,  არსებულ სიტუაციაში საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს, დაიცვას მინიმალური რეგულაციები, ან უარი თქვას მათ შესრულებაზე და ამით მოახდინოს პროვოცირება, სახელმწიფო წავიდეს მკაცრ შეზღუდვებზე.

„ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან. ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. ფაქტობრივად, ამ მინიმალური რეგულაციების შესრულებას არაფერი უნდა. ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხს სერიოზულად არ ცვლის. აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სხვების გადასარჩენად: ყოფილმა კოვიდინფიცირებულმა პოლიტიკოსებმა პლაზმა ჩააბარეს >>

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.