თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.
აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა და ბოლო დრომდე ლიდერობას ინარჩუნებდა. ეპიდემიოლოგებმა რეგიონს „წითელი ზონა“ სექტემბერში უწოდეს – კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვს აღწევს. თუმცა დღეს თბილისმა აჭარას ლიდერობა წაართვა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: იმერეთი - 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.