რთველი 2020: ამ დროისათვის გადამუშავებულია 273 ათას ტონამდე ყურძენი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გადამუშავებული ყურძნის ჯამური რაოდენობა 273 ათას ტონამდეა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რაჭაში რთველი აქტიურად მიმდინარეობს – უკვე გადამუშავდა 1400 ტონამდე ყურძენი

სააგენტოს 16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში გადამუშავებულია 2 100 ტონა ყურძენი.

უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და თვითონ ქალაქ ამბროლაურშია გახსნილი.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

რაც შეეხება კახეთს, აქ რთველი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელი მონაცემებით, გადამუშავებულია 270 ათას ტონამდე ყურძენი.

კახეთში მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა.