თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნებს 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეზღუდებათ.
ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება იმ ზონებში, სადაც ეპიდვითარების აფეთქება დაფიქსირდა, მთავრობამ გუშინ მიიღო.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დღეღამური მაჩვენებელი იზრდება. გუშინ ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 919 ინფიცირებული. წინა დღეებში კი დღიური მაჩვენებელი 500–600-ის ფარგლებში იყო.
ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.
ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს გააკონტოლებენ.