თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ნოემბრიდან რიგასა და პარიზში თბილისიდან რამდენიმე რეგულარული რეისი დაინიშნა, ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.
ლატვიაში წამსვლელმა მგზავრებმა ათდღიანი თვითიზოლაცია უნდა გაიარონ. ლატვიის ტრანზიტულად გამოყენებისათვის კი აეროპორტში მაქსიმალური დარჩენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.
საქართველოში ჩამომსვლელთათვის კარანტინის წესები შეიცვლება>>
საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირობოდ არის ღია – როგორც მიწვევით, ისე მათთვისაც, ვისაც ბინადრობის მოწმობა აქვს, ან ქვეყანაში ტურისტული მიზნით მიემგზავრება, აღნიშნულია განცხადებაში.
ავიარეისები თბილისი–რიგა–თბილისი შესრულდება სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით. რეისები თბილისი–პარიზი–თბილისი კი – ოთხშაბათობითა და კვირაობით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოქტომბრის ბოლოდან საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენას შეუდგება.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით.
თბილისიდან ათენსა და რომში ჩარტერული რეისები შესრულდება>>
რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.