საქართველოში ჩამომსვლელთათვის კარანტინის წესები შეიცვლება

ამჟამად კარანტინი ქვეყანაში შემოსვლისას სავალდებულოა როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებისთვის.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში უცხოეთიდან ჩამოვლენ, შეძლებენ კარანტინისთვის გვერდის ავლას, თუ კორონავირუსზე PCR–ტესტის შედეგი ექნებათ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როდის განახლდება რეგულარული ავიამიმოსვლა ევროპასთან – გახარიას განმარტება>>

ამჟამად კარანტინი როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. ჩამოსულებმა საკარანტინო ზონაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რვა დღე უნდა დაჰყონ. საკარანტინო სასტუმროს დატოვებამდე კი მათ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჩააბარონ.

„მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები... საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR–ტესტი, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ დანარჩენებისთვის საკარანტინო ზონა ისევ იმოქმედებს.

სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს აბსოლუტური ანტირეკორდია. აქამდე, ბოლო დღეებში, მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში მერყეობდა.