თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
კორონავირუსის პანდემიის გამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უჩვეულო ციფრულ ფორმატში გაიმართება. გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების ნაწილი პროექტ Bookfest City-ს ფარგლებში, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.
17 ოქტომბერს Bookfest Digital-ის ფორმატში ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება ონლაინ–რეჟიმში.
ფილმში მონაწილეობენ ავტორები – ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ავტორების თქმით, ფილმი ერთგვარი მცდელობაა – უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.