ცვლილებები ტვინში: ცნობილი გახდა COVID-19-ის ახალი საფრთხე

მკვლევარების თქმით, კორონავირუსი მსგავს ცვლილებებს იწვევს არა მარტო დაავადების რთული, არამედ იოლი ფორმების დროსაც.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსს შეუძლია ისეთი ცვლილებები გამოიწვიოს ტვინში, რომლებიც შიზოფრენიის, ალცჰაიმერის, ასევე პარკინსონის დაავადებების გამოვლინებას უკავშირდება, აცხადებენ ბრაზილიელი სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე medRxiv.

კორონავირუსმა სამი ახალი სიმპტომი გამოავლინა

ბრაზილიელმა მეცნიერებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ს აქვს უნარი, შეუტიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვან უჯრედებს, ასტროციტებს, და თავის ტვინის ქერქში მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოიწვიოს — ცალკეული უბნების ატროფიის ჩათვლითაც კი. ამასთან ირკვევა, რომ ვირუსი მსგავს ცვლილებებს იწვევს არა მარტო COVID-19-ის რთული ფორმის მქონე პაციენტებში, არამედ მათშიც, ვისაც დაავადება იოლ ფორმებში უვითარდება.

სპეციალისტების თქმით, კვლევის მონაცემები ხსნის კიდეც, რატომ უვლინდებათ COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს ნევროლოგიური სიმპტომები განკურნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ შორის — თავის ტკივილები, მომატებული ძილიანობა, ყნოსვის დაკარგვა და კრუნჩხვები.

შავი პილპილი კორონავირუსის აქტიურობას თრგუნავს: სამეცნიერო კვლევა>>

გარდა ამისა, მეცნიერების თქმით, ვირუს SARS-CoV-2-ს შეუძლია ისეთი გენეტიკური დაავადებების გააქტიურება, როგორებიცაა შიზოფრენია, პარკინსონისა და ალცჰამერის დაავადებები.  

შემდგომში მკვლევარები აპირებენ გაარკვიონ, როგორ აღწევს ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და დაადგინონ მისი მოქმედების მექანიზმი.