თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სტრესისგან საკვებით გათავისუფლება ბუნებრივია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად, ამბობს დიეტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ირინა ბერეჟნაია რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ნერვული დაძაბულობის დროს მდგომარეობა უმსუბუქდებათ, თუ რაღაც გემრიელს მიირთმევენ. და ეს მიდგომა ნორმალურია, თუ საკვების რაოდენობა იქნება არა მთელი ტორტი ან ერთი ვედრო ნაყინი. ამასთან, ეს უნდა იყოს თქვენთვის საყვარელი პროდუქტი და არა უბრალოდ საჭმელი.
„ისეთი პროდუქტები უნდა აირჩიოთ, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ. მაგალითად, თუ შოკოლადი გიყვართ, შეგიძლიათ მიირთვათ პატარა ნაჭერი და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააცნობიეროთ, არის შეზღუდვა: ეს უნდა იყოს სიამოვნება და არა ყოველდღიური საკვები“, — თქვა ირინა ბერეჟნაიამ.
ამასთან დიეტოლოგი განმარტავს, რომ ნერვულ სიტუაციებში საყვარელი საკვები პრობლემას კი არ აღმოფხვრის, არამედ მხოლოდ დროებით ამსუბუქებს მდგომარეობას. ამიტომ მარტო საკვების მეშვეობით, თუნდაც ძალიან სწორად იკვებებოდეთ, სტრესს თავს ვერ დააღწევთ.
ბერეჟნაიას თქმით, ამ „წამლის“ დოზის გაზრდა უსარგებლოა და, უფრო მეტიც, საზიანოც კი, თუ საქმე ტკბილეულს ეხება, ვინაიდან ეს ძველ პრობლემებს ახალს დაუმატებს და სტრესი შეიძლება ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს.