პუტინმა და ერდოღანმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

რუსეთის ლიდერმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ბოევიკების მონაწილეობის გამო, ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ისაუბრეს ტელეფონით და მთიან ყარაბაღში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს, ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე.

საუბარი თურქეთის მხარის ინიციატივით შედგა.

ალიევი ყარაბაღის კონფლიქტზე: თურქეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იყოს

„დეტალურად განიხილეს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰუმანიტარული ზავის დაცვის მნიშვნელობა, რომლის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს მოსკოვში შედგა. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერენ პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას, კერძოდ, მინსკის ეუთოს ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნების საფუძველზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ პუტინმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ბოევიკების მონაწილეობის გამო. ასევე ხაზი გაესვა სოლიდარულ ძალისხმევას, ყარაბაღში სისხლისღვრის უსწრაფესი შეწყვეტისა და პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაზე გადასვლისთვის.

„გამოითქვა იმედი, რომ თურქეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფი, კონფლიქტის დეესკალაციაში კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

სერგეი ლავროვი: ყარაბაღში რუსი დამკვირვებლები უნდა იყვნენ

რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე. თუმცა მხარეებმა დაზავების შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი შაბათსვე დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.