ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი გაქურდეს

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დანაშაულის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბოლნისში ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

ქუთაისში „ლელოს“ შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაკავებულია ერთი პირი

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისში შენობის გვერდით მდებარე კაფედან შეაღწიეს, ჩაამსხვრიეს მინა და კარი შეამტვრიეს. ოფისიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის შესახებ ინფორმაცია ინახებოდა.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დანაშაულის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. 

„ჩვენს ოფისზე თავდასხმის ფაქტი უკვე მეორედ მოხდა. ეს არის იმ დაუსჯელობის გაგრძელება, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მიერ. რაიონში შექმნილი კრიმინალური ჯგუფები ახდენენ პარტიული ოფისების დარბევას, რაც უკვე ტრადიციად იქცა. მსგავსი ვანდალური ფაქტები ხელს უშლის ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნოდარ იმნაძემ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.