სწავლების დისტანციურ რეჟიმზე თბილისის კიდევ ერთი საჯარო სკოლა გადავიდა

მოქმედი რეგულაციების თანახმად, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება სკოლებში სწავლის პროცესის მიმართ: მინისტრის განმარტება

94-ე სკოლის დირექტორის ნინო გახარიას განცხადებით, მასწავლებელს კოვიდ-ინფექცია გუშინ დაუდგინდა. მისი თქმით, სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეწყვეტილია, პედაგოგები და მოსწავლეები კი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

როგორც ტელეკომპანიას განათლების სამინისტროში განუცხადეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების თანახმად, რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, პედაგოგები და მოსწავლეები (იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ.) თვითიზოლაციაში გადადიან, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ასევე სკოლას უტარდება დეზინფექცია.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

ფოთში ინფიცირებულთა შორის ორი №3 საჯარო სკოლის მასწავლებელია

1 ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.

შეზღუდვები უცვლელი დარჩა აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დადასტურდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 13521 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7157-ს შეადგენს. გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან საქართველოში საკმურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.