Edison Research – „ქართული ოცნება“ პარტიების რეიტინგის ლიდერია

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიების რეიტინგში ლიდერობს, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დაკვეთით კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას“, გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-მა არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა. 

ოპოზიციის „სამეფო კარის თამაშები“ ანუ როგორ იქცა სააკაშვილი სერსეი ლანისტერად

მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა, რომელიც არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში მონაწილეობს – მას 17% უჭერს მხარს.

გამოკითხვაში მესამე ადგილზე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოა“ – მას მხარს გამოკითხვაში მონაწილეთა 5% უჭერს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

პარტიარესპონდენტების წილი
 „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“4%
 „ლეიბორისტული პარტია“3%
 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“3%
 პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“2%
 „ლელო საქართველოსთვის“2%
 „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“1%
 „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“1%
 „გამარჯვებული საქართველო – ირაკლი ოქრუაშვილი“1%
 სხვა პარტიები1%
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს (24%) გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.

კვლევა თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს გზით 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 4,5 ათასი რესპონდენტი. ცდომილება შეადგენს +/–1,5%-ს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისათვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3,5 მლნ მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.