ვლადიმერ ვაისი: ბოლო წუთებზე 2 ქულა დავკარგეთ – შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი სომხეთთან კვირას გამართული თამაშით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეეძლოთ.

„ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. კმაყოფილი ვარ თამაშით, სომხებზე მეტი მომენტი შევქმენით და მოგებაც შეგვეძლო“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სლოვაკი სპეციალისტი 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი მატჩისთვის ცვლილებებს აანონსებს. შემდეგ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებთან ერთად გუნდს გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა გამოაკლდებიან.

საქართველო–სომხეთის მატჩი ფრედ დასრულდა

ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეხვედრა სომხეთის ნაკრებთან 11 ოქტომბერს გამართა. მატჩის დასაწყისში სომხეთმა სწრაფი გოლი გაიტანა – შეხვედრის მე-6 წუთზე ხორენ ბაირამიანის დარტყმით ანგარიში გაიხსნა. პირველი ტაიმი სომხეთის სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების აქტიურობით დაიწყო, რასაც ასევე სწრაფი გოლი მოჰყვა – 46-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა. შემდეგ შეცვლაზე შემოსული თორნიკე ოქრიაშვილის გოლს ბოლო წუთზე „რომას“ შემტევმა ჰენრიკ მხითარიანმა თერთმეტმეტრიანი ზუსტი დარტყმით უპასუხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.