„სააკაშვილს ეს არ უნდა შერჩეს“ – „ქართული მარში“ ენმ-ის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დავით–გარეჯის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ულტრანაციონალისტურმა პარტია „ქართული მარში – ეროვნულმა მოძრაობამ“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. 

ულტრანაციონალისტების პარტია „ქართული მარში“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაყიდა და ეს მოღალატეობრივი ქმედება მას არ უნდა შერჩეს.

მათ მომავალი კვირიდან მასშტაბური აქციების დაწყება დააანონსეს. „ქართულმა მარშმა“ ასევე მოითხოვა ყოფილი მმართველი პარტიის 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნა.

„ორშაბათიდან სამშობლოს მოღალატეების – სააკაშვილის, ვაშაძის, ბოკერიას დასჯის მოთხოვნით პერმანენტული აქციები დაიწყება. აგრეთვე დაიწყება არჩევნებიდან მოღალატე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსნის კამპანია, რადგანაც ტერიტორიებისა და სიწმინდეების გამსხვისებელ და გამყიდველ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლება არ აქვს... მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება რადიკალური საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა კარს ბოქლომი დაედება”, – განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დავით–გარეჯის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს.