პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

მის ნახატებში სიმსუბუქე და, ამასთან, რეტრო-პერსონაჟი ქალბატონის თვალებში მოქცეული მსოფლიო სევდაა, კიდევ საოცარი თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც ბედნიერებას ჯერ ვერ ეზიარა...
Sputnik

ეს მხატვარ ბელა ანანიძის სამყაროა, მისი დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც და ვისაც ხედავს, როგორ და რასაც გრძნობს. გასაკვირი მხოლოდ ის ფაქტია, რომ მხატვრობაზე, თურმე, არც უოცნებია, მსახიობობა და სცენა იყო მისი მოწოდება. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს ხდება ხოლმე, ასე იყო მის შემთხვევაშიც...

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- ქალბატონო ბელა, თქვენ საკუთარი ხელწერა გაქვთ მხატვრობაში, მაგრამ მანამდე როგორ მიხვედით?

- დავიბადე ქუთაისში, სადაც 25-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. თბილისში საცხოვრებლად 1985 წელს გადმოვედი. ძალიან თბილად მახსენდება ბავშვობის წლები, განსაკუთრებით სკოლის პერიოდი. აქტიური და წარმატებული მოსწავლე ვიყავი. ძალიან მიყვარდა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა. მიყვარდა მხატვრული კითხვა და სასკოლო გაზეთის რედაქტორიც ვიყავი. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ როგორც ყველა, ისე ვხატავდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაქებდა.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- თურმე მსახიობობაზე ოცნებობდით…

- დიახ, მაშინ არ მიფიქრია მხატვრის პროფესიის არჩევაზე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება და მსახიობობა მინდოდა. ახლაც უზომოდ მიყვარს თეატრი და დღემდე მწყდება გული, რომ მსახიობი ვერ გავხდი. დედას არ უნდოდა, რომ თეატრალურში ჩამებარებინა. სკოლის პერიოდში ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრიც ვიყავი. თუ მკითხავთ, რა არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, გიპასუხებთ – ის, რომ ვერ ავიხდინე ოცნება და ვერ გავხდი მსახიობი. სკოლის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი არ მიცდია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. ეს იყო ჩემი პროტესტი – არ მინდოდა მხოლოდ დიპლომის გამო მესწავლა. მინდოდა მქონოდა ისეთი პროფესია, რომელიც მეყვარებოდა.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- აკადემიაში ჩაბარება რაიმე შემთხვევის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტეთ?

- სწორედ ასე მოხდა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე არ მიფიქრია, სანამ მეგობართან სტუმრად მისულმა არ ვნახე მისი დის ნამუშევრები, რომელმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. აღმოჩნდა, რომ მეგობრის და აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ვთხოვე, რომ მივეყვანე პედაგოგთან, რომელთანაც ემზადებოდა. ვიფიქრე, იქნებ მეც გამომივიდეს ასე ხატვა–მეთქი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თუ გავხდებოდი, ამაზე ვერც ვიფიქრებდი. პედაგოგმა პირველივე გაკვეთილზე მითხრა, შენ ნამდვილად შეძლებ პროფესიონალი მხატვარი გახდეო. ამის მერე მივიღე გადაწყვეტილება აკადემიაში ჩამებარებინა.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- ვინ არის ადამიანი, ვისი დახმარებითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ჩემი პირველი ხატვის პედაგოგი მურად იამანიძეა, საოცარი ადამიანი. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ დღეს ხატვა შემიძლია. 1993 წელს გავხდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. მისაღები გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩავაბარე. ამ ამბავს დედა ვერ იჯერებდა, სანამ ჩარიცხულთა სიაში საკუთარი თვალით არ მნახა. სტუდენტობა მძიმე წლებში მომიწია, ლექციები გაყინულ აუდიტორიებში გვიტარდებოდა.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- ვინ იყო ლექტორი, ვის ლექციებსაც ვერ აცდენდით?

- ზოგადად, ლექციების გაცდენა არ მიყვარდა, მაგრამ იყო ერთი განსაკუთრებული ქალბატონი – ნანა კიკნაძე, რომელიც მსოფლიო ხელოვნების ისტორიას გვიკითხავდა და რომლის ლექციასაც არასდროს ვაცდენდი. მან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. ასევე დამამახსოვრა თავი არაჩვეულებრივმა მხატვარმა და პიროვნებამ მამია მალაზონიამ, რომლის სახელოსნოშიც ვსწავლობდი აკადემიაში.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- თქვენს ნამუშევრებზე გადავიდეთ, მათზე ძირითადად ერთი ქალბატონია გამოსახული, თავად ხომ არ ხართ ის და რატომ აქვს მას სევდიანი თვალები?

- ხშირად უკითხავთ, ვარ თუ არა ჩემი ნახატების პერსონაჟი ქალი. ალბათ ვარ და არც ვარ. რადგან ორივე, სევდაც და კარგი განწყობაც ჩემში თანაბრადაა. ჩემს ნამუშევრებში ხშირად იგრძნობა სევდა, თუმცა ზოგადად არ ვარ სევდიანი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ (და გამომდის კიდეც), რომ ჩემი დარდი სხვებს არ მოვახვიო. თუმცა ნახატებში ამის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ამის გარდა, ალბათ ამ გზით ადამიანების მიმართ თანაგრძნობასაც გამოვხატავ...

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა იმას, თუ სად, როგორ ადამიანთან დაიდებს ბინას თქვენი ნამუშევარი?

- დიახ, აქვს და თანაც უდიდესი მნიშვნელობა. ზოგს ძალიან უყვარს მხატვრობა და ესმის, რომ ნახატი არ არის კედელზე ბზარის დაფარვის საშუალება. და, რა თქმა უნდა, მახარებს, როცა ასეთ ადამიანთან იდებს ბინას ჩემი ნამუშევარი. ჩემი ნახატები ხომ ჩემი სულის ნაწილია...

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნახატები უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, პერსონალური გამოფენა არ გქონიათ...

- დიახ, პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია. თუმცა შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მაქვს. ჩემი ნამუშევრები კი მართლაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.

პერსონაჟები სევდიანი თვალებით და სხვისი ბედნიერებით ბედნიერად ყოფნის ხელოვნება

- რა აბედნიერებს ცხოვრებაში მხატვარ ბელა ანანიძეს და რა ხდება მისი დამწუხრების საბაბი?

- რა აბედნიერებს მხატვარ ბელა ანანიძეს? – ბედნიერებას მანიჭებს ბედნიერი ადამიანები. ჩემი აზრით, ბედნიერება წამია, ამიტომ უნდა შეგეძლოს სხვისი ბედნიერებითაც იყო ბედნიერი – ასე ვახანგრძლივებთ ბედნიერებას. საერთოდ კი, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი, თუნდაც თავად არ ჰქონდეს პრობლემა, როდესაც ირგვლივ ამდენი უბედურია? კიდევ ბედნიერებას მანიჭებენ ჩემი შვილები, შვილიშვილი, მეგობრები და ხელოვნება, რომელიც ცხოვრების აზრია...