თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მეოთხე კლასის მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
ამ დროისთვის სკოლის 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაშია გადასული.
სკოლის დირექტორის ნინო კაშიას ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების შესახებ გუშინ შეიტყვეს.
„ბავშვი ოჯახთან ერთად არის გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მე ვიცი, ინფიცირების პირველწყარო იყო მამა, რის შემდეგაც დაინფიცირდა ბავშვის დედა და შემდეგ ბავშვები. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, ის გადაყვანილია კოვიდ-სასტუმროში, ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს. სკოლა 20 ოქტომბრის ჩათვლით იქნება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე“, – განაცხადა კაშიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.