თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებსაც დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს ქართული ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემაში, ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მათმა ადვოკატებმა განუცხადეს.
ილიჩოვას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს გირაოთი გათავისუფლებას სთხოვს.
„ბრალი ედება ქალბატონ ნატალიას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში, თუმცა ის ამ ბრალეულობას არ აღიარებს და ბუნებრივიცაა, ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია, დაკავებულია მოსამართლის განჩინებით. იმედია, სასამართლო როდესაც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და მას პატიმრობას არ შეუფარდებს. ქალბატონი ნატალია ისევე, როგორც ჩვენ, არის საქართველოს მოქალაქე და მის ინტერესშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, მაგრამ ადამიანმა რომ რუკის წაკითხვა იცოდეს სწორად და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამის გამო ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს“, – განაცხადა კომახიძემ.
ადვოკატმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეში პოლიტიკურ სარჩულს.
საპატრიარქო: გარკვეული ძალები ცდილობენ ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ>>
რაც შეეხება ივერი მელაშვილს, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ითხოვს გირაოს და აცხადებს, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“.
„ივერი მელაშვილის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა და არანაირი დათმობა მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს, არ იქნება. ბატონი ივერის პოზიცია არის, რომ ბრალდება არის იმდენად აბსურდული და არის ისეთ პერიოდში წამოწეული, აშკარად აჩენს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და მსხვერპლშეწირვა პატიოსანი ადამიანების, რომლებიც უფასოდ, 20 წლის განმავლობაში წერტილ-წერტილ ზომავდნენ აზერბაიჯანთან კონკრეტულ საზღვრებს და ცდილობდნენ, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გაეკეთებინათ, ესეთ ხალხს სწირავენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ დააკავა.
დაკავებული ივერი მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.
მათ ბრალად ედება ქართული ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესის დროს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოლიჩოვასა და მელაშვილს 10–დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება.