საპატრიარქო: გარკვეული ძალები ცდილობენ ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ

გუშინ საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი პირი დააკავა.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გარკვეული ძალები ცდილობენ ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყარაბაღი, დავით-გარეჯი და ქართული არჩევნები - რა კავშირია მათ შორის?

საქართველოს საპატრიარქოში დავით–გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დავით–გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეკლესია მრავალი წელია აქტიურად გამოთქვამს თავის მკვეთრ პოზიციას ამ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრებისა და ქართული მონასტრების ბედის თაობაზე და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

როგორც საპატრიარო  განმარტავს, ხელშეკრულება, რომელსაც ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ ხელი მოაწერეს, საზღვრის დადგენის საფუძვლად 1938 წლის რუკას გულისხმობს. საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.

„შედეგად – კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ. დღეს კი დადგა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს რომელი ტერიტორიები გადაეცა აზერბაიჯანს უკანონოდ? გენპროკურატურის ვიდეო

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ექსპერტების 14-კაციანი ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნების თაობაზე.

„აღნიშნულმა ჯგუფმა დავით–გარეჯის პრობლემა შეისწავლა როგორც ისტორიული, ისე იურიდიული და კარტოგრაფიული კუთხით და დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორია და მასზე მდებარე ქართული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაა და სრულად უნდა ექცეოდეს ქვეყნის ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე, აღნიშნულია განცხადებაში.

საიდან დაიწყო ყველაფერი?

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

გუშინ საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი ადამიანი დააკავა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: დააკავეს კომისიის ყოფილი წევრები

დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.

დაკავებულებს სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის („საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“) შესაბამისად, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საზღვრის დემარკაცია

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.

„აჟიოტაჟი პროცესს ვნებს": მელაშვილი საქართველო–აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე>>>

სექტემბრის ბოლოს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

ამასთან, ქართველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რომელი კარტოგრაფიული მასალები იქნა აღმოჩენილი. ჯეიჰუნ ბაირამოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა განხილვა და მოგვარება არ შეიძლება".