სანდრო ბრეგაძე სამშობლოს ღალატისთვის მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის დასჯას ითხოვს

„ქართული მარშის“ ლიდერი 9 ოქტომბერს დავით–გარეჯში ვიზიტს აანონსებს, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა.

სანდრო ბრეგაძის ბრიფინგის მთავარი თემა ორი დღის წინ გააქტიურებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით–გარეჯის მონაკვეთის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წაუყენა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. 

ყარაბაღი, დავით-გარეჯი და ქართული არჩევნები - რა კავშირია მათ შორის?
 „ის ორი ლიფსიტა, რომელიც დაკავებულია, არ არიან ადამიანები, რომლებზეც გადის პასუხისმგებლობის ხაზი. პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და გრიგოლ ვაშაძეს. სადემარკაციო კომისია იღებდა დავალებებს გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილისგან“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

ბრეგაძის თქმით, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეზე სამშობლოს ღალატის მუხლით, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯაღმაიძე: საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი

„ქართული მარშის“ ლიდერი ხვალ, 9 ოქტომბერს დავით–გარეჯში ვიზიტს აანონსებს, სადაც აპირებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას იქ მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანისკენ მოუწოდოს.

„ეს იქნება მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პასუხობს ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანი უარს იტყვის და არ გაიყვანს სამხედროებს, „ქართული მარში“ დააყენებს მოთხოვნას და სახელმწიფო ვალდებული იქნება 1919-1921 წლების საზღვრების ფარგლებში მოითხოვოს საზღვის გავლება აზერბაიჯანთან, ჰერეთი და საინგილო კი დაუბრუნდება საქართველოს. საინგილო უნდა დაუბრუნდეს საქართველოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

„აჟიოტაჟი პროცესს ვნებს": მელაშვილი საქართველო–აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე

პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა – ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.