პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს, მას ნაპირამდე ჩაჰყვნენ და მდინარეში გადააგდეს, განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან. 

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 5 მგზავრს ედავებიან.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა>>>

დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია.

„ბრალდების მხარე გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რითიც დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს. არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მისდევდნენ გიორგის და სხვა პირებს, ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“ 13 წუთი იმყოფებოდა ადგილზე და საკმარისი დრო ჰქონდათ, განეხორციელებინათ მკვლელობა“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით კი, საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდების პოზიციას დაადასტურებდა.  

შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საქმეს განიხილავს სასამართლო და უარი ვთქვით ნაფიც მსაჯულებზე. ლოგიკური იქნებოდა, საქმის მასალებზე დაყრდნობით აგვერჩია სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები. ჩვენ ერთადერთს ვითხოვთ – გვქონდეს საშუალება, განვახორციელოთ სრულყოფილად დაცვა და ვიყოთ თანაბარ პირობებში“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.

პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.