თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდსიტუაციის სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარაზე მოდის, თუმცა სტატისტიკა მცირდება. გუშინ აჭარაში 259 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი 230 დაფიქსირდა.
„ბოლო რამდენიმე დღეა იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია, რისი მოლოდინიც გვქონდა. პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად, რაც დაახლოებით 10 დღეა, ამოქმედდა, მოსალოდნელი იყო ამ ტიპის ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევების მართვა იყოს შესაბამისი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიურად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ძალიან კარგადაა მომზადებული, ასევე ახალია აპარატურაც.
„ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნია ბათუმში აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომას დაესწრო.
აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობდნენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად მიმდინარეობს.