პარტიის შექმნის იდეა ორ მსხვილ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნის. 90-იან წლებში მათ დააარსეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკი საქართველოში - „თიბისი ბანკი“.
„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები >>
ბიზნესიდან პოლიტიკამდე
ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი ქართულ საზოგადოებაში 2019 წლის დასაწყისში მომხდარი სკანდალის შემდეგ გახდა ცნობილი. მაშინ ეროვნულმა ბანკმა „თიბისის“ ერთ-ერთ გარიგებაში ფულის გათეთრების ნიშნები დაინახა და ბანკირები დირექტორთა საბჭოს ჩამოაშორა.
რადგან საუბარი იყო საკმაოდ ძველ გარიგებაზე, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ბანკირებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კონფლიქტი აქვს.
იმას, რომ ბანკები ყოველი ხელისუფლების უკან დგანან და მისი სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობენ, საქართველოში დიდი ხანია ყველა შეეგუა. როგორც ბანკებს შორის ორი ფავორიტის არსებობას - „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“, რომლებიც საქართველოს საბანკო სისტემის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ.
ამიტომაც ხაზარაძესთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი, შემდეგ კი მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ბოლო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისი მხრიდან აქტიური აგიტაციის ფონზე, საზოგადოებაში თანხების გადანაწილებად აღიქვეს.
მით უმეტეს, რომ ხაზარაძის კომპანიამ სწორედ 2019 წლის დასაწყისში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი დაკარგა.
თუმცა თავად ხაზარაძემ სისხლის სამართლის საქმის თავის სასარგებლოდ შემოტრიალების ორიგინალური ხერხი მოძებნა - ჯერ გამოაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის, შემდეგ კი პარტიის დაარსების შესახებ.
მესამე ძალა
კადრებს პარტიისთვის, რომელიც საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც მესამე ძალა, ხაზარაძე არჩევდა „ქართული ოცნებისგან“ და ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ შორს მყოფ ადამიანებს შორის - ესენი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები.
გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი პოლიტიკოსი - „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, შემდგომში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები - ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე.
პარტიაში ასევე აღმოჩნდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელიც ქვეყანას „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებით დაამახსოვრდა.
მოსალოდნელი იყო, რომ პარტიაში იქნებოდა თავად მარგველაშვილიც, თუმცა მან დამკვირვებლის როლი ირჩია, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, რომლის დანახვას საზოგადოება ასევე ელოდებოდა „ლელოს“ რიგებში.
თუმცაღა, შერჩეულმა კადრებმა და პარტიის ლიდერის მიერ პიარისა და სიმბოლიკისადმი დათმობილმა დიდმა ყურადღებამ იმუშავა. ახლა საქართველოში ყვითელი ფერი ასოცირდება „ლელოსთან“, მისი რეიტინგები კი თვიდან თვემდე იზრდება.
პროგრამა
„ლელოს“ პროგრამა დაფუძნებულია იმაზე, რაშიც მისი ლიდერები ყველაზე კარგად ერკვევიან - ეკონომიკასა და ფინანსებზე. მასში არის გეგმა საშუალო კლასის შექმნის, განათლების სისტემის რეფორმის, ეკონომიკური მიმართულების მიხედვით რეგიონების დეცენტრალიზაციის შესახებ და ა.შ.
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>
თუმცა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დღემდე რჩება საპარლამენტო არჩევნების „ბნელ მოთამაშედ“. ვერცერთი ექსპერტი ვერ იწინასწარმეტყველებს, ვისთან ითანამშრომლებს ის და ვისთან შევა კოალიციაში.
თუმცა პარტია თავადაც მოერიდა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას და ხელისუფლების ნებისმიერი წამოწყების მხარდაჭერას.