ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ: კომენტარი ბაქოდან

ბაქოში ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანის არმია „წარმატებით ართმევს თავს დასახულ ამოცანებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საქმეში“.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაში მესამე ქვეყნების ჩართვა აუცილებელი არ არის, მათ შორის არც რუსეთისა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს მეთაურზე, გენერალ-მაიორ ჰუსეინ მახმუდოვზე დაყრდნობით.

პუტინი: რუსეთს სომხეთის წინაშე აქვს სამოკავშირეო ვალდებულებები და არა ყარაბაღისა

მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია „წარმატებით ართმევს თავს დასახულ ამოცანებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საქმეში“.

გენერალ-მაიორმა ასევე აღნიშნა, რომ „კონტრშეტევები აზერბაიჯანის ტერიტორიის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ხორციელდება“.

„ამ სიტუაციაში ჩვენ ვერ ვხედავთ მესამე მხარის ჩართვის აუცილებლობას“, — განაცხადა მახმუდოვმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.