პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩართულ ექიმებს ხელფასი 50%-ით გაეზრდებათ

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული, ანაზღაურება 50%-ით გაეზრდებათ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

შესაბამისი დადგენილება დღეს იქნება გამოცემული.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს ეხება ექიმებს, რომლებიც ჩართული არიან კორონავირუსის მართვის პროცესში. გადაწყვეტილება ეხება მათ ანაზღაურებას. დეტალურად მოხდა სახელფასო ფონდისა და იმ ექიმების დათვლა, რომლებიც ჩართული არიან პროცესში. მოხდა მათი ჯგუფებად და გუნდებად დაყოფა. ჩვენ დავთვალეთ კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროსი ექიმებისა და ექთნების, ასევე ინფექციონისტების და თერაპევტების სახელფასო ანაზღაურება. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

გიორგი გახარია: კორონავირუსთან ადაპტაციის ეტაპზე ვიმყოფებით

ტიკარაძის თქმით, ასევე იგეგმება სხვადასხვა საავადმყოფოებზე სერვისების განაწილება, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს აუცილებელი მომსახურების მიღება.

პანდემიის დასაწყისში კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ მრავალპროფილური კლინიკები. ამ დროისთვის მათი რიცხვი დაახლოებით 40-ია და რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო 15 ოქტომბრიდან სპეციალურ პორტალს აამოქმედებს, რომელზეც კლინიკებს მოცემულ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4518 აქტიური შემთხვევაა, მათგან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.