თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სკოლის დირექტორის, ნანი გიორგაძის განცხადებით, მეექვსეკლასელის დაინფიცირების წყარო მისი ძმაა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს.
მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას დღეს დილით დაუდასტურდა. როგორც დირექტორი აცხადებს, ეპიდემიოლოგებს არც კლასის და არც სკოლის სხვა მოსწავლეების ან პერსონალის იზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ.
სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს დაუდგინდა.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა >>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 63 შეადგინა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.