თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. სომხეთი შესაძლოა წავიდეს დათმობებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, თუ აზერბაიჯანი მზადაა ანალოგიური მოქმედებებისთვის, განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება Sputnik-სომხეთი.
„კონფლიქტები უნდა გადაიჭრას ურთიერთდათმობების საფუძველზე. მთიანი ყარაბაღი მზადაა, სომხეთი მზადაა წავიდეს სარკისებურ დათმობებზე, რომლებისთვისაც მზად იქნება აზერბაიჯანი“, - განაცხადა მან AFP-თან ინტრევიუში.
ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო მდგომარეობა ცალკეულ რაიონებში მოქმედებს.
ადრე რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მოუწოდეს მხარეებს შეწყვიტონ საბრძოლო შეტაკებები და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 1992 წლიდან მიმდინარეობს.