„მოძალადე ბიჭთან ჩამკეტეს რომ გავეუპატიურებინე...“ - საზარელი ისტორია

სოციალურ ქსელში 37 წლის თამარის შოკის მომგვრელი ისტორია ვრცელდება. ნახეთ რა შეემთხვა ქალს, რომელიც დღეს ქუჩაში შვილთან ერთად ცხოვრობს
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ორგანიზაცია „ქალები საქართველოდან“, აუდიტორიას 37 წლის თამარის ისტორიას უამბობს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, 9 თვის შემდეგ შვილი შეეძინა და ახლა ორივეს თავი ქუჩაში გააქვს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ ქალი ერთი თვის იყო, როდესაც მშობლებმა დიაგნოზი დაუმძიმეს და ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩააბარეს. თამარზე პანსიონატში მუდმივად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდნენ დირექტორი და ბენეფიციარები. პანსიონატის დატოვების შემდეგ, ქალს ახლა უკვე ქუჩაში სცემენ.

ნამდვილი ამბავი: ქუჩაში მიტოვებული ჩვილისა და უშვილო ოჯახის სასწაულებრივი ისტორია

ყველაზე მძიმედ ქალს სენაკის პანსიონატი ახსენდება, სადაც მისი თქმით, დირექტორი მასზე ყოველ დღე ფიზიკურად ძალადობდა, სიტუაცია კი მას შემდეგ გართულდა, რაც 18 წლის ასაკში პანსიონატიდან მეგობართან ერთად გაიქცა თუმცა პოლიციამ იპოვა და უკან დააბრუნა.

„ერთხელ იმით დამსაჯეს, რომ ერთ მოძალადე ბენეფიციარ ბიჭთან ჩამკეტეს. ეს იმიტომ გააკეთეს, იმ ბიჭს რომ გავეუპატიურებინე. ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ გოგოების დასასჯელად, მაგრამ მე თავს ვიცავდი და გადარჩენისთვის ფიზიკურად ვიბრძობდი. ამ ბიჭმა ვერაფერი მომიხერხა გარდა იმისა, რომ უმოწყალოდ მცემა“, - იხსენებს თამარი.

მისი თქმით, წლების შემდეგ ისევ ქუჩაში უწევს ცხოვრება, ბავშვი არ დათმო, რადგან ეშინია მისი შვილიც ისე არ გაიზარდოს დედის გარეშე, როგორც თავად ის და თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს.

„სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს. მინდა, როგორც დაზარალებულსა და მარტოხელა დედას, უსაფრთხო თავშესაფარი მომცეს, მჭირდება ფსიქოლოგის თერაპია და არა ძალადობრივი მკურნალობა ფსიქიატრიულში. ასევე, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, შვილი როგორ წამართვას, არამედ იმაზე, როგორ შემასწავლოს რამე პროფესია და დამასაქმოს. არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მშობლის გარეშე“, - ამბობს ქალი.