გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო–ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ერთ სივრცეში ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა განსაკუთრებულ ეპიდემიურ რისკს უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ მაყურებლის გარეშე გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ერთ სივრცეში ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა განსაკუთრებულ ეპიდემიურ რისკს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების რეკომენდაციით, გადაწყდა, რომ მატჩს მაყურებელი არ დაესწრება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ“, – ნათქვამია სფფ–ის განცხადებაში.

უფრო ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ გულშემატკივრებს ურჩია, არ დაესწრონ საქართველო–ბელარუსის მატჩს.

საქართველო–ბელარუსის მატჩზე ადრე გაყიდული ბილეთები გაუქმდება

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ შესაძლებელია ტრიბუნებზე გულშემატკივრების ნაწილის დაბრუნება უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე იმ ქვეყნებში, სადაც ამის ნებართვას ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს. ორგანიზაციის რეკომენდაციით, მატჩზე დასწრებას, სტადიონის საერთო ტევადობიდან გამომდინარე, 30 პროცენტამდე გულშემატკივარი შეძლებს. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრება დაახლოებით 18 ათას ადამიანს შეეძლო.

ამავდროულად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული წესების შესაბამისად, ამჟამად საქართველოში ღია სივრცეში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებას 200–ზე მეტი ადამიანი არ შეიძლება დაესწროს.