ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
Sputnik

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს სამგზის ემიგრანტი ქალბატონი, ექვსი შვილის დედა, ირმა ბარამიძე უნდა გაგაცნოთ. მისი ცხოვრება იმის მაგალითია, რომ ქართველი დედისთვის ოჯახი და შვილები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება, რომ სრულიად უცხო ადამიანებმა შეიძლება ისეთი ერთგულება და მეგობრობა გაგიწიონ, რომ ვერასოდეს დაივიწყო, რომ უანგარო სიკეთეს დანახვა და დაფასებაც უნდა და ასეთები, სამწუხაროდ ცოტანი, მაგრამ მაინც არიან იმ ქართველებს შორის, რომლებმაც საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ემიგრაცია აირჩიეს...

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

სწორედ იმიტომ, რომ იცის ასეთი სიკეთისა და გვერდში დგომის ფასი, ქალბატონმა ირმამ სოციალურ ქსელებში შექმა ჯგუფი, რომელსაც,  რადგან გურულია, სახასიათო სახელი - „ვაი ბიძიაა” შეურჩია... ჯგუფის სლოგანიც სახალისოა: „გურულები და დანარჩენები“ და ის 14 000 ადამიანს აერთიანებს. ამ გზით ის სამშობლოსთან, თავის კუთხესთან განშორებით გამოწვეულ მონატრებას იკლავს. თანაც, აქ, უანგარო სიკეთეზე მარტო საუბრით არ შემოიფარგლებიან. ეს გზავნილი მისი ცხოვრების ამბავია...

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ... შეძლებულ ოჯახში დავიბადე, მე და ჩემს დას ყველაფერი გვქონდა, რაც შეიძლება ადამიანს ენატრა. არაჩვეულებრივი მშობლები, სასწაულად კარგი ბებია და ბაბუა. დავამთავრე ბათუმის პირველი საშუალო სკოლა, მერე უნივერსტიტეტი და პატარა ასაკში გავბედნიერდი, პირველი შვილი 19 წლისას შემეძინა. დღეს ექვსი შვილის დედა ვარ და ულამაზესი და უწესიერესი შვილები მყავს. როგორც უმრავლესობას, მეც არ გამიმართლა. 14 წლის მერე, ჩემი შვილების მამას დავშორდი და ამის მერე დედასთან ვცხოვრობ. ის რომ ჩემი შვილები ასეთი კარგები არიან, დედაჩემისა და ჩემი უფროსი შვილის დამსახურებაა.  ეხლა უკვე დიდები არიან, მაგრამ არა იმდენად, რომ დედის დახმარების გარეშე იცხოვრონ, თუმცა სხვა ბავშვებივით არც მოთხოვნები აქვთ. 

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

ემიგრაციაში ჩემი წასვლა სიდუხჭირით იყო გამოწვეული. როგორც კი პატარა გოგო 17 წლის გახდა, მრავალშვილიანი დედის დახმარება მომიხსნეს... მას შემდეგ ბევრი გაჭირვება გამოვიარე, ცხოვრებიდან ბევრი ცრემლი და დამცირება მახსოვს, მაგრამ ფარ ხმალი არასოდეს დამიყრია. ჩემი შვილები მაძლევენ სტიმულს და მაძლიერებენ. შეიძლება არ ვიყო ისეთი სამაგალითო დედა, რომელიც შვილებს გაკვეთილებს ასწავლის, სკოლაში მიჰყვება-მოჰყვება, ყველა სურვილს უსრულებს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ შვილებზე უზომოდ შეყვარებული დედა ვარ და ვერასოდეს ავიტან ჩემი შვილის თვალზე ერთ ცრემლსაც კი...

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

რაც შეეხება ჩემს ემიგრანტობას, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა წავედი სტამბულში. 33 წლის ქალს, თან გარეგნობით ცოტა გამორჩეულს, სამსახურში არავინ მიღებდა. დავიღალე ამდენი ლოდინითა და იმედგაცრუებით და უკან წამოვედი. მას მერე წლები გავიდა. სტილისტობა დავიწყე და დღეს საკმაოდ კარგი სტილისტი ვარ, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემი ხელფასით ამხელა ოჯახს ვერ ვარჩენდი.

ინტერნეტში მაქვს ჩემი ჯგუფი, სადაც 14 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. მე გურული ვარ და ჯგუფს “ვაი ბიძიაა” ასე ჰქვია. სწორედ ამ ჯგუფში გავიცანი ის ხალხი, ვინც საბერძნეთში წამიყვანა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ... თუმცა ამ თემაზე ბოლომდე საუბრისგან თავს შევიკავებ, მარტო ერთს ვიტყვი. ამ 11 თვის მანძილზე ცუდიც, კარგიც და ძალიან კარგი ადაიანიც შემხვდა. ბევრჯერ შემრცხვენია სხვის ნაცვლად და ბევრჯერ ვინანე, რომ საბერძნეთში ჩავედი. ყველაზე მეტად რასაც წყობიდან გამოვყავარ, გაყეყეჩებული ქართველი დამსაქმებლებია. როდესაც დავბერდები, აუცილებლად დავწერ წიგნს - ჩემი ემიგრაციული ცხოვრება და იქ ძალიან ბევრ დროს დავუთმობ სირცხვილ-ნამუს გარეცხილ ამ ხალხს, რომლებმაც ქართველობა, სახელი, ადამიანობა და სული, ეშმაკს მიჰყიდეს...

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

პანდემიის შემდგომ გაუჭირდა მთელ საქართველოს და ჩემი ოჯახი დედაჩემის, 70 წლის ქალის იმედად დავრჩით. დედა მუზეუმში მუშაობს, 45 წელია საქმის მწარმოებელია. მისი ხელფასით და პენსიით არაფერს გვაკლებდა. ასევე კეთილი მეზობლის, (რომელსაც მაღაზია აქვს) დახმარებითაც ასე თუ ისე გამოვძვერით. თუმცა ის ამბავი, რომ დედაჩემი გვარჩენდა, რომ მაღაზიაში ბევრი ვალი დაგვიგროვდა, რომ მომავალი გაურკვეველი იყო - საგონებელში მაგდებდა და მოსვენებას არ მაძლევდა...

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

ამ დროს გამოჩნდა ჩემთვის უცნობი, მაგრამ სოციალურ ქსელში დამეგობრებული ადამიანი, ჩემი ჯგუფის წევრი, მადონა სამხარაძე. ასეთი უანგარო და კეთილი ადამიანი მილიონში ერთი იბადება და თამამად ვიტყვის, რომ იგი ერთი მათგანია. მადონას დახმარებით, ყოველგვარი თანხის გარეშე და ყველანაირი დაბრკოლების გარეშე იტალიაში ჩამოვედი. დღეს რომ აქ ვმუშაობ, მისი დამსახურებაა. ის უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და მასთან, იტალიაში ჩამომიყვანა. აქ ჩამოსვლის პირველი წუთიდან დღემდე თავზე მევლება, მაჭმევს, მიკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და წუთითაც არ მშორდება. ეხლაც კი, რაც მუშაობა დავიწყე, დღეში ათჯერ მაინც ტელეფონით ჩემს ამბებს კითხულობს. არა მგონია, ამის მერე ვინმეს ადამიანობამ გამაოცოს, თორემ ცუდი იმდენი მინახავს, ვერც ჩამოვთვლი. ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მადონასნაირი ადამიანები.

ემიგრანტი ქალის წერილები: უცხო ადამიანს მენდო, 1300 ევრო გამომიგზავნა და აქ ჩამომიყვანა

არ დავივიწყებ ასევე ათენში შეძენილ მეგობრებს, განსაკუთრებით  ნანა მსხილაძეს, რომელიც ასევე დასავით დამიდგა გვერდით. ის დრო, როდესაც არ ვმუშაობდი, მის სახლში, სადაც ქირას იხდიდა და შვილები და შვილიშვილები ჰყავდა, სრულიად უსასყიდლოდ შემიფარა და საჭმელ-სასმელი არ მოუკლია. მადლობა  ნანას ამისთვის... კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო, ჩამოვთვალო ბევრი კარგი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც ყოველთვის იქნებიან ჩემს გულში, ისინი, როგორც მოციმციმე ვარსკვლავები ცხოვრების გზას  მილამაზებენ...

ჩემი ოცნებაა დალაგებულ და სამართლიან საქართველოში ვიცხოვრო. მინდა ქართველებმა ერთმანეთი შეიყვარონ, მინდა ბავშვები ავად არასოდეს გახდნენ, მინდა სამაგალითო დედა თუ არა, ბებია მაინც ვიყო, მინდა ჩემი შვილიშვილი, რომელიც ახლა ერთი წლისაა, მე წავიყვანო სკოლაში, სპორტზე ვატარო და როცა მომენატრება კი არა, ყოველ დღე, ყოველ წუთს ჩავიხუტო გულში... კიდევ მინდა დედამ დიდხანს იცოცხლოს და ჯანმრთელი მყავდეს, მინდა შვილები ისე დავაბინავო, როგორც თვითონ ოცნებობენ.

მინდა ღმერთმა გადმომხედოს და მომცეს იმის ძალა, რომ ამ მონატრებას და სხვა ქვეყანაში მოსამსახურეობას გავუძლო...