თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. დავით–გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ოქმები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობის დროს მოეწერა ხელი, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
„დავით–გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოს. თუმცა, დღეს შესაძლებელი არის ამ კომისიის მიღებული ოქმებისა და გადაწყვეტილებების გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება“, – აღნიშნა ჯარმაიძემ.
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
რუკების ორიგინალები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები დავით–გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო–აზერბაიჯანის 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
საზღვრის სადავო მონაკვეთები
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.