გიორგი გახარია - საპარლამენტო არჩევნები ყოველგვარი ექსცესების გარეშე უნდა ჩატარდეს

საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს – არჩევნებამდე დარჩენილია 27  დღე და სიტუაცია თანდათანობით იძაბება. 
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ,  განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიღნაღში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი მოსახლეობას წარუდგინა. 

ქართული პოლიცია არჩევნებისთვის ემზადება

გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ისე უნდა ჩატარდეს, რომ კითხვები არავის გაუჩნდეს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც და პარალელურად, არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს რამე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ამიტომაც აუცილებელია  წყნარად და მშვიდად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა ღირსეულ კანდიდატს მივცეთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს – არჩევნებამდე დარჩენილია 27  დღე და სიტუაცია თანდათანობით იძაბება. 

მარნეულში  ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მომხრეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 29 სექტემბერს, საღამოს მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ „პირველი არხის“ ოპერატორსა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.მეორე დღეს კი თავს დაესხნენ მარნეულში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის ერთ-ერთ წევრსაც.  მარნეულში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

გახარიას განმარტებით, საქართველოში თავისუფალი გარემო შექმნილია ყველა პარტიისთვის, მაგრამ მათაც უნდა იგრძნონ თავისი წილი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე. 

მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა „ქცევის კოდექსი“, რომლის მიხედვით, პარტიები აღიარებენ კანონის უზენაესობას, იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატივს სცემენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატსა და ამომრჩეველთა უფლებებს, არ გამოიყენებენ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენას, ყველაფერს გააკეთებენ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.