ბათუმის საკრებულოს წევრს  კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 სწორედ აჭარას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმის საკრებულოს დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ლევან ანთაძე  გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის ათეულის მეხუთე ნომერია.

იგი ორი დღის წინ  პარტიული სიის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ხალხმრავალ ღონისძიებაზე ყველა წესს იცავდა, კერძოდ, ეკეთა პირბადე და იცავდა სოციალურ დისტანციას. 

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

 „სიცხე მაქვს და ყელის ტკივილი მქონდა. სიმპტომები გუშინ დილით გამომივლინდა, ავიღე ტესტი და საღამოს დამიდასტურდა.  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო შეხვედრებზე არ ვყოფილვარ,  ერთხელ ვიყავი პარტიული სიის წარდგენის ღონისძიებაზე, სადაც პირბადე მეკეთა და დისტანციასაც ვიცავდი,“- განაცხადა ანთაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით აჭარის რეგიონი კვლავ ლიდერია. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 სწორედ აჭარას უკავშირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 278 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3992 ადამიანი, გარდაიცვალა – 48.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.