შექმნილია „ხანდაზმულთა ვაქცინა“ კორონავირუსის წინააღმდეგ: ქვეყნდება დეტალები

ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი „ხანდაზმულთა ვაქცინა“ კორონავირუსის წინააღმდეგ, ამ დროისათვის კვლევების ფინალურ სტადიაზეა
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ეწფექტურად დაიცავს ინფიცირებისგან ხანდაზმულ ადამიანებს, იუწყება გამოცემა Nature.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna–მ შექმნა აშშ–ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად, ამ დროისათვის გამოცდის ფინალურ სტადიაზეა.

ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

აღნიშნული ვაქცინა გამოიცადა ასაკოვან ადამიანებზეც. ტესტირებისას დადგინდა, რომ პრეპარატის ინექცია რისკის ჯგუფის პაციენტების ორგანიზმში COVID–19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს დიდი რაოდენობით წარმოქმნის.

კვლევამ, რომელშიც 56 წელზე უფროსი ასაკის ორმოცი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, დაადასტურა, რომ პაციენტების ორგანიზმში რამდენიმე ტიპის ანტისხეულები გამომუშავდა — იმუნური მოლეკულები, რომელთა დანიშნულებაც მავნე ინფექციებთან ბრძოლაა. კერძოდ, კვლევის მონაწილეების ორგანიზმში წარმოიქმნა გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებსაც დაავადების აღმძვრელების ბლოკირების უნარი აქვთ.

ირკვევა, რომ ვაქცინის მეორედ შეყვანის შემდეგ კვლევის მონაწილეებს ანტისხეულების ისეთივე დონე დაუფიქსირდათ, როგორიც საკონტროლო ჯგუფის წევრებს. ამ უკანასკნელში შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც COVID-19-სგან ბუნებრივი გზით განიკურნენ.

ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ახალ ვაქცინას გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, თუმცა „მსუბუქი და ზომიერი ფორმით“.