გულშემატკივარი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას შეძლებს

საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრებას დაახლოებით 18 ათასი ადამიანი შეძლებს, რამდენადაც „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალზე დასწრებას დაახლოებით 18 ათასი გულშემატკივარი შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგი არ იქნება. მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

საქართველო–ბელარუსის მატჩთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება უეფამ ორგანიზაციის აღამსრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ვაისმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა ბელარუსთან მატჩისთვის დაასახელა

აღმასრულებელმა კომიტეტმა, მიიღო რა მხედველობაში უეფას სუპერთასზე გამართული მატჩი ბუდაპეშტში მიუნხენის „ბაიერნსა“ და „სევილიას“ შორის, გადაწყვიტა, რომ შესაძლებელია ტრიბუნებზე გულშემატკივრების ნაწილის დაბრუნება უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე იმ ქვეყნებში, სადაც ამის ნებართვას ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს.

ეს გადაწყვეტილება შემდეგი კვირიდან ამოქმედდება, როდესაც ჩატარდება მატჩები ეროვნული გუნდების მონაწილეობით.

მატჩზე დასწრებას, სტადიონის საერთო ტევადობიდან გამომდინარე, 30 პროცენტამდე გულშემატკივარი შეძლებს. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენა“ 55 ათას მაყურებელზეა გათვლილი, საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასწრება დაახლოებით 18 ათას ადამიანს შეუძლია.

ამასთან, სტუმარი გუნდების გულშემატკივარი ვერ შეძლებს მატჩზე დასწრებას, სანამ შემდგომი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

„მიღებული გადაწყვეტილება გონივრული პირველი ნაბიჯია, რომელიც პრიორიტეტად გულშემატკივრის ჯანმრთელობას აყენებს და პატივს სცემს თითოეული ქვეყნის კანონებს. ჩვენ ერთად დავუდგებით წინ მტერს სახელად COVID, მაგრამ ამ ბრძოლის მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი მიდგომაა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებებს, ტრიბუნებზე გულშემატკივრის დაშვების შემთხვევაში, მეტ სივრცეს მისცემს მანევრირებისთვის. ამასთან, ჩვენ მუდამ დიდ პატივს ვცემთ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის შეფასებას“, – ასეთი კომენტარი გააკეთა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის 27 ქვეყანაში სტადიონებზე მაყურებელს თუნდაც ნაწილობრივ უკვე უშვებენ, მათ შორის საქართველოშიც.

უეფას ერთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები. ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.