პროტოკოლში ცვლილებები შევა: რატომ ჩერდება პოლიციელებისა და მძღოლების Covid-19-ზე ტესტირება

გამყრელიძის ინფორმაციით, კვლევები გაფართოვდება იმ სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად მეტი რისკის ქვეშ არიან
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებები შედის, კერძოდ, კვლევები გაფართოვდება იმ სფეროს წარმომადგენლებზე, რომლებიც ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად მეტი რისკის ქვეშ არიან.

გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტები იზოლაციაში კვლევების გარეშე გადავლენ

რაც შეეხება პოლიციელებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, მათთან ინფექციის აღმოჩენის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია, ამიტომ გამყრელიძის განცხადებით, მათი ტესტირება, შესაძლოა, გარკვეული პერიოდით შეჩერდეს.

„ჩვენ დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის საპატივცემულო პოლიციელებს და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი აღმოჩენის მაჩვენებელი. შესაძლებელია, შემოდგომაზე გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ ეს და ჩავანაცვლოთ მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით. ასევე, თითქმის არ გვქონია არც ერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების. ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა>>

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პარალელურად  გაფართოვდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კორონავირუსზე ტესტირება.

გამყრელიძე: სლოგანი „დარჩი სახლში“ კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით აჭარისთვის

„ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემ კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა  გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში კვლავ რეკორდულად, 453-ით გაიზარდა და 7093-ს მიაღწია.

ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება>>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი (გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას ბოლო 24 საათში დაემატა 295), გარდაიცვალა 46.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.