ახალი წინადადება: დავით–გარეჯი, როგორც საერთაშორისო მასშტაბის დაცული ტერიტორია

თუ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საერთაშორისო დონის დაცული ტერიტორია გახდება, სადავო საკითხი გადაწყდება, მიიჩნევს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საუკეთესო გამოსავალი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს, არის ის, რომ ეს ადგილი საერთაშორისო დონეზე დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს, მიიჩნევს დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე.

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა>>

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დავით–გარეჯი ნაკრძალად გამოცხადდება, მის ადმინისტრირებას განახორციელებს როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი. მისი თქმით, მსოფლიოში მსგავსი მაგალითი უამრავია.

სადავო საზღვრის საქმე: საქართველოს პროკურატურა რუკის ძებნაში ჩხრეკებს ატარებს

„ხელისუფლებას სჭირდება წარმოადგინოს გრძელვადიანი და მდგრადი ხედვა, როგორ აპირებს დავით გარეჯის სარგებლობის განაწილებას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ზუსტად ერთი წლის წინ მე ხელისუფლებას შევთავაზე გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს აღადგინა მეცნიერების დიდმა ჯგუფმა, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ გეგმის მიხედვით, დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად. თუმცა ადმინისტრირებას ერთდროულად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ასეთი მიდგომით დავით–გარეჯი შეიძლება გახდეს ევრაზიული გლობალური მასშტაბის პროექტი, რომელიც იქნება მიმზიდველი ეკოლოგიური, ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით.

„ასეთი მაგალითები არის ბევრი. როდესაც ორი ქვეყანა ვერ თანხმდებოდა საზღვარზე და მათ გადაწყვიტეს, რომ შექმნან საერთაშორისო დონის დაცული ტერიტორია“, – განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ ეს დავით–გარეჯის საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაწყვეტს. აქ შესაძლებელია გლობალური მნიშვნელობის ტურისტული, ეკონომიკურ–ეკოლოგიური ცენტრის შექმნა.

ზალკალიანი: საუბარი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე გაგრძელდება

ორიოდე დღის წინ საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

„ეს პროვოკაციაა!“ – სააკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის მიწები არ მიუყიდია>>

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები დავით–გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო–აზერბაიჯანის 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.