ყარაბაღის კონფლიქტი და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების „სირიული“ გამოცდილება

საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეთა შეიარაღების შესამჩნევად გაზრდილ ტექნოლოგიურ დონეს აჩვენებს.
Sputnik

აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარები აქტიურად იყენებენ მზვერავ და დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს „სირიული“ გამოცდილების გათვალისწინებით. ეს კანონზომიერად იწვევს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგის ზრდას.

ახლო წარსულის ანალოგიური მოვლენებისგან განსხვავებით, მთიან ყარაბაღში მძიმე შეიარაღების გამოყენებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს თან ახლავს ვიდეოტრანსლაცია ბრძოლის ველიდან, რომელსაც აზერბაიჯანისა და სომხეთის მზვერავი და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები გადმოსცემენ.

ესკალაცია ყარაბაღში: ფეიკების საინფორმაციო ომი და მათი უარყოფა

სომხეთის სამხედრო უწყების მონაცემებით, აზერბაიჯანის ჯარმა 29 სექტემბერს საავიაციო დარტყმა მიაყენა სომხეთის ტერიტორიაზე ქალაქ ვარდენისის რაიონში განთავსებულ სამხედრო ნაწილს თურქული წარმოების უპილოტო აპარატის გამოყენებით. ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში გამყოფ ზოლზე დასახლებული პუნქტები დაცხრილეს.

გრძელდება პოზიციური ბრძოლები, მოწინააღმდეგეები წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ. შედარებით თავშეკავებულ საბრძოლო მოქმედებებზე ირიბად მეტყველებს კონფლიქტის ზონიდან ლტოლვილთა შესამჩნევი ნაკადის არარსებობა.

ცხელი ცა

ამ მომენტისთვის ექსპერტებს ორიენტირება შეუძლიათ მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო უწყებების ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყარაბაღის ძალებმა თითქოსდა უკვე 49 აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. სომხურმა მხარემ კი, თავის მხრივ, 18 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. ვფიქრობ, ციფრები ძალიან გაბერილია. შესადარებლად, გასულ ათწლეულში მთიან ყარაბაღში სულ დაახლოებით ოცამდე აზერბაიჯანული და სომხური უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. და, მაინც, უპილოტოების ომი რეგიონში – რეალობაა. სირიის გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში უპილოტო კომპლექსების მნიშვნელობა მუდმივად იზრდება.

ახლო მომავალში საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის განმსაზღვრელი დიდწილად იქნება ხელოვნური ინტელექტით, დასაზვერი და დამრტყმელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტონომიური საფრენი აპარატების გამოყენების ტექნიკა. ისინი მიზანს ასობით და ათასობით კილომეტრის მანძილზე „მიწვდებიან“. დღესაც უპილოტო საფრენი აპარატები ოცდაოთხი საათის განმავლობაში აკონტროლებენ საბრძოლო მოქმედებების მთელ ზონას.

მოსკოვი ბაქოსა და ერევანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ყარაბაღის დაპირისპირებაში ბაქო იყენებს მხოლოდ ისრაელში წარმოებულ უპილოტო აპარატებს - Aerostar, Hermes, Heron და Harop, რომელთა ტვირთამწეობა 50 კგ-ს აღწევს, მოქმედების სიშორე კი 250 კმ-ს. ასეთი აპარატების გამოყენება შეიძლება დასაზვერად, ცეცხლის კორექტირებისთვის და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან და მსუბუქჯავშნიან ტექნიკასთან ბრძოლისთვის მართული საბრძოლო იარაღის სახით. უპილოტო აპარატი საკმაოდ ძვირია და ამავე დროს კარგად შესამჩნევი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისთვის. მაგალითად, Hermes 20 მილიონ დოლარამდე ღირს, თუმცა მისი ჩამოგდება შეიძლება ფრენის პროცესში, როდესაც გეზი სამიზნისკენ აქვს აღებული. ხარჯის ოპტიმიზაციისთვის აზერბაიჯანმა მოიპოვა საბრძოლო იარაღის – „ზარბის“ წარმოების ლიცენზია.

ერევანი, არასაკმარისი სახსრების გამო, ეყრდნობა საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობებს. სომხეთი აწარმოებს და იყენებს „კრუნკის“ ტიპის (ტვირთამწეობა – 20 კგ, მანძილი – 150 კმ) მსუბუქ უპილოტო მზვერავ და დამრტყმელ, მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატებს – „ბაზეს“, რომლებიც არც ისე ძვირია და ეფექტურია მთიან ადგილებში. სომხეთის ჯარის უპილოტო აპარატების 95% სამამულო წარმოებისაა.

სამხრეთ კავკასია ცხელ ადგილად რჩება მტკიცე მშვიდობისთვის და ძალიან პატარაა მაღალტექნოლოგიური იარაღისთვის. მაგრამ ბრძოლის ველზე რომელიმე მხარის ტოტალური დომინირება ჯერ არ იკვეთება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს