თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ინფიცირების წყარო, თუმცა მოკვლეულია მისი კონტაქტები – მას დაახლოებით 140 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ჯობავას განცხადებით, დაახლოებით 10-მდე ადამიანს, მათ შორის კომისიის წევრებსა და ტექნიკურ პერსონალს, PCR-ტესტი ჩაუტარდა და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. კომისიის წევრების ნაწილი იზოლაციაში იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდ–ცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 113 პაციენტია მოთავსებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 448-ით გაიზარდა და 6640-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 3419 ადამიანი, გარდაიცვალა – 41.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.