სადავო საზღვრის საქმე: საქართველოს პროკურატურა რუკის ძებნაში ჩხრეკებს ატარებს

საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის მუხლით. საქმე საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთს ეხება.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა საზღვრის სადავო მონაკვეთის შესახებ საქმის გამოძიებას შეუდგა – საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივი კომისიის ყოფილი წევრის ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ტარდება, იუწყება Rustavi2.

ტელეარხის ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ილიჩოვასგან ამოიღო გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი, რომელზეც მონიშნულია საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები.

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტშიც. ამის შესახებ მან თავად აცნობა „პირველ არხს“.

„ჩემი სამსახურის ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს, არ უთქვამთ რას ეძებენ“, – განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილი კომისიის წევრი იყო 2006–2017 წლებში. ამჟამად ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციას.

ზალკალიანი: საუბარი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე გაგრძელდება

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები დავით–გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო–აზერბაიჯანის 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მხარეები ამ საკითხზე მკვეთრ გამონათქვებს ერიდებიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა. არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.