ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ წაიღო საქართველოდან ისრაელში ქართველი ებრაელების 27-მა ოჯახმა ქალაქ ონიდან „ლოცვა“. ასე ეძახდნენ ისინი ონში არსებულ სინაგოგას და ასევე დაარქვეს მათ ნა-ხატს, რომელზეც იგივე სინაგოგაა გამოსახული...
სინაგოგის, ანუ „ლოცვის“ დახატვა მათ ნიჭიერ ონელ მხატვარს ლევან შემეშს (შიმშილაშვილს) მიანდეს. როგორც ჩვენი დიდი მეგობარი, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი ანა შიმშილაშვილი ამბობს, „დღეს მისი წილი „ლოცვა“ ყველას ოჯახშია და ის მართლაც ლოცვასავით აძლევს მათ ძალას. “ლოცვას” ვეძახდით ონში არსებულ სინაგოგას. მათ დღემდე ვერც სინაგოგა და ვერც ონი ვერ დატოვეს. არ მეგულება ონელი ებრაელის ოჯახი, რომლის სახლის კედელსაც ეს ნახატი არ ამშვენებს”.
ბატონ ლევანს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში და სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვნებო პრიზი გადაეცა.
- ბატონო ლევან, როგორია ბავშვობა, რომელიც რაჭასთან გაკავშირებთ?
- დავიბადე ონში, პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. იყო დრო, როცა ონის სახალხო თეატრში რეჟისორ გიგა ჯაფარიძესთან ვთამაშობდი, კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში გამოფენებს ვაწყობდი.
- როგორია ამბავი ონის სინაგოგაზე, რომელიც წლების შემდეგ დახატეთ?
- ონის სალოცავში ბავშვობიდან დავდიოდი, მას კარგად ვიცნობდი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული გათავისებული მქონდა. იმ სინაგოგას შიდა სურნელს ახლაც ვგრძნობ. ონში ცხოვრების დროს მას ხშირად ვხატავდი, თითქმის ყველა კუთხიდან მაქვს დახატული. ონელ ებრაელებს იმდენად ჰქონდათ გათავისებული და უყვარდათ სინაგოგა, რომელსაც ლოცვა დაარქვეს, რომ ისრაელში ამოსვლის დროს ბევრმა ოჯახმა ჩემი ნახატი, რომელზეც ონის სინაგოგაა, თან წამოიღო…
- ვინ არის ადამიანი, რომელმაც თქვენზე გავლენა იქონია?
- ჩემზე დიდი გავლენა უფროსმა ძმამ, მხატვარმა ანზორ შიმშილაშვილმა იქონია.
- რას დაარქმევდით მიმდინარეობას, რომელშიც ხატავთ?
- შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არც ერთი მხატვრის მანერას არ ჰგავს ის, რომელშიც ვხატავ, ამიტომ ამ მიმდინარეობას „ლევანიზმი“ დავარქვი. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ...
- რა არის საჭირო მხატვრისთვის, რომ მან ღირებული რამ შექმნას?
- იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შევქმნა, ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვფიქრობ, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი ხელოვანისთვის, მან დიდი და მძიმე შრომაც უნდა გასწიოს. ჩემთვის შრომა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ტოლფასია. დღის განმავლობაში ათ, ზოგჯერ მეტ საათს ვატარებ მოლბერტთან, რომ ჩემთვის სასურველი შედეგი მივიღო.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ისტორიულ სამშობლოში ამოსვლის შემდეგ?
- ისრაელში ამოსვლის დროს ფაქტობრივად თავიდან დავიწყე ცხოვრება, ვისწავლე ენა, გავეცანი და გავითავისე აქაური ცხოვრების დინება და, შესაბამისად, მოვერგე აქაურ ცხოვრებას როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე პიროვნულად. რა თქმა უნდა, ჩემს ხელოვნებაში შეიცვალა ხელწერა და აზროვნება. ქართული თემებიდან ძველი თბილისისა და ონის პეიზაჟებს გამოვარჩევდი.
- როგორია წლების შემდეგ თქვენ მიერ „აღმოჩენილი“ ონი?
- 27 წლის განშორების შემდეგ პირველად მოვინახულე ონი, სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ავედი ტყეში, საიდანაც ონის ხედები ბევრჯერ დამიხატავს… იქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო, რადგან ონში ცხოვრების დროს ამ ყველაფერს ვერ აღვიქვავდი ისე, როგორც საქართველოში სტუმრობის დროს დავინახე…
- საკუთარ თავში რა აღმოაჩინეთ, ვინ არის ლევან შემეში?
- ლევან შემეში არის მხატვარი, რომლისთვისაც ფასეულია სამშობლო და თავისუფლება, რომელიც აფასებს შრომას და... ირაციონალიზმს.