„ეს პროვოკაციაა!“ – სააკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის მიწები არ მიუყიდია

საქართველოს ყოფილი მეთაური დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდება.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროვოკაცია უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიამ ქართული მიწის ნაკვეთები უცხო სახელმწიფოს უკანონოდ გადასცა, იუწყება РИА Новости.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციას. ამასთან, უცნობია მიწის რომელ ნაკვეთებზეა საუბარი.

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

„ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია... მინდა გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები – ისინი აპირებენ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების შესახებ. შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 30 მილიონი თუ 80... მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო“, – დაწერა სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

თბილისის პოზიცია

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2006 წელს, წინასწარ მომზადებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დაზარალდა.

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა>>

„მეორე ფაქტი არის ის, რომ რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გვქონდეს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკის, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში აბსოლუტურად კონსტრუქციულად აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა.

არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ქართული საზოგადოებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მონასტერი კულტურულ–ისტორიული და სულიერი ფასეულობის უდიდეს ძეგლს წარმოადგენს.