„დიალოგისკენ მოწოდება უადგილოა“ – ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

ალიევის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია და „შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ბაქოს პოზიციას“.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე დიალოგისკენ მოწოდება ახლა უადგილოა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„არსებობს საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირ შედეგს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უადგილოა რომელიმე მხარის მოწოდება დიალოგისკენ. ამას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ეუთო (და ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვიღებთ), რადგან მათ აქვთ მანდატი. ხოლო ვინც უბრალოდ ამბობს, დიალოგი დაიწყეთ და ჩვენ დაგეხმარებითო, ამის აუცილებლობა არ არსებობს“, — განაცხადა ალიევმა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილებთან შეხვედრისას.

მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ყარაბაღის კონფლიქტით დაკავებულმა მხარეებმა ვერ შეძლეს გავლენა მოეხდინათ სომხეთის მთავრობაზე.

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია, ბოლო წლებში ქვეყნის მთავრობამ შეძლო დაერწმუნებინა საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ სიმართლეში და ახლა, „შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციას“.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი „შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს, თუ სომხური ძალები სრულად დატოვებენ რეგიონს... ვინაიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.